„ლავროვი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ასახელებს და საქართველოს მეზობლებად მოიხსენებს, ივანიშვილის პარტიის გენერალურმა მდივანმა კი ეს პოზიტიურად შეაფასა და ამ განცხადებით უკვე მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ლეგიტიმაცია. რუსეთი და ქართული ოცნება ცდილობს კონფლიქტის მხარედ აქციონ არა რუსეთი, არამედ სეპარატისტული რეჟიმები.“- განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ
"ბატონი ივანიშვილისა და მისი პარტიის წარმომადგენლების მიერ უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს სხვას ვერაფერს ვუწოდებთ გარდა სახელმწიფო ღალატის გამოცხადებულ ქრონიკას.
ამის კიდევ ერთი დასტურია, გუშინ დედაქალაქის მერის, ბატონი კახი კალაძის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 28 სექტემბერს გაკეთებული განცხადებისთვის გამოეხმაურება, სადაც ბატონმა ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის,
ვციტირებ - მხარეების დაინტერესების შემთხვევაში საქართველოს "მეზობლებთან", "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნებთან" შერიგებაში დაეხმაროს.
ეს განცხადება, სადაც ბატონი ლავროვი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ასახელებს და საქართველოს მეზობლებად მოიხსენებს, ივანიშვილის პარტიის გენერალურმა მდივანმა პოზიტიურად შეაფასა.
მინდა კახი კალაძეს, შევახსენო: აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა!
შესაბამისად, კალაძის განცხადებით საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მიესალმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოებად ცნობას! ამ განცხადებით უკვე მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ლეგიტიმაცია.
დღეს უკვე ყველასთვის ნათელია თუ რატომ საუბრობს საზოგადოების ნდობისგან დაცლილი ბატონი ივანიშვილი, რომლის პარტიასაც პარლამენტში უბრალო უმრავლესობის მოპოვების ყველანაირი შანსი აქვს დაკარგული, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების აუცილებლობაზე - “ქართული ოცნება” ემზადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და აფხაზეთისა და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” აღიარებისათვის!
ისინი გეგმაზომიერად მიჰყვებიან ამ პროცესს. პირველ რიგში, რუსეთი და ქართული ოცნება ცდილობენ კონფლიქტის მხარედ აქციონ არა რუსეთი, არამედ სეპარატისტული რეჟიმები.
სწორედ ამის ნაწილია “ქართული ოცნების” ის უბინძურესი კამპანია, სადაც 2008 წლის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვებული ქართული მხარის დადანაშაულება მიდის, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესს ემსახურება.
დღესაც ქართული ოცნება ცდილობს რუსეთი შემრიგებლად გამოიყვანოს. ამ განცხადებით კახი კალაძე, ივანიშვილის პარტია პირდაპირ ამბობენ, რომ გიორგი ანწუხელიძე, ძმები რომელაშვილები, შინდისის გმირები და ყველა ის თავდადებული პატრიოტი, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე საქართველოს ეროვნული ღირსებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა სინამდვილეში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახით ორ სუვერენულ სახელმწიფოს უპირისპირდებოდა.
რა შეიძლება დავარქვათ ამას, თუ არა სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის მომავლის ღალატი.
თავის დროზე ის რაც მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ გატარებულმა არაღიარების პოლიტიკამ შეაჩერა და რუსეთის ფედერაციის მიზნები ჩაშალა, დღეს ივანიშვილის ხელისუფლება, საკუთარი ნებით ანგრევს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
იმის მაგივრად რომ საქართველო იძენდეს მეგობრებს, ახალ ეტაპზე გადაჰყავდეს საქართველოს ურთიერთობა ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, მუშაობდეს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების ფაზის გახსნაზე, ზრუნავდნენ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე, ამის საპირისპიროდ, ქვეყანას ტოვებენ იზოლაციაში, მეგობარს მტრად გვიცხადებენ, ხოლო მტერს ბატონად.
ცხადია “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისთვის”, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის აფხაზეთის აღიარება არის წითელი ხაზი და სამშობლოს ღალატი, რაც ჩვენ 26 ოქტომბერს არ უნდა დავუშვათ!
ჩვენ კარგად ვიცით ჩვენი ქვეყნის ისტორია - ვიცით ვინ არის მტერი, ვინ არის მოყვარე!
საქართველო არ იხდის ბოდიშს!
მე მჯერა, რომ ყველანი ერთად ვეტყვით უარს იზოლაციას, ოკუპანტისთვის ბოდიშის მოხდას აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას, სიღატაკეს და ავირჩევთ ევროპას, თავისუფლებას, კეთილდღეობას და ერთიან ძლიერ, ღირსეულ საქართველოში ცხოვრებას.“- განაცხადა ლევან სანიკიძემ.