უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სენატის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა და მათ "გამარჯვების გეგმის" ძირითადი პუნქტები გააცნო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.
ზელენსკი შეხვდა სენატორების დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ სენატის დემოკრატი და რესპუბლიკელი ლიდერები ჩაკ შუმერი და მიტჩ მაკკონელი.
იმ საკითხებს შორის, რომლებიც ზელენსკიმ აშშ-ის სენატის წევრებთან განიხილა, უდიდესი ყურადღება დაეთმო ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას, უკრაინელი ჯარისკაცების პრიორიტეტულ საჭიროებებს, იარაღის ერთობლივ წარმოებას და ამერიკის შემდგომი მხარდაჭერის ძირითად სფეროებს. უკრაინის პრიორიტეტია დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ცალკე ყურადღება გამახვილდა აგრესორ სახელმწიფოზე სანქციების ზეწოლის გაზრდაზე, ასევე გაყინული რუსული აქტივებიდან შემოსავლის გამოყენებაზე უკრაინის საჭიროებებისთვის.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სენატში ორივე მხარეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მთელ ამერიკელ ხალხს უკრაინისადმი გაწეული მნიშვნელოვანი სამხედრო, ეკონომიკური, ენერგეტიკული და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის.
„აქ, აშშ-ის დედაქალაქში, ჩვენ გვყავს ბევრი მეგობარი, რომლებიც სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღეებიდან უკრაინელების გვერდით დგანან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მადლობა სენატის თითოეულ წევრს მხარდაჭეროსთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.