არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მობილური ოპერატორებისთვის საცალო ტარიფზე ზედა ზღვრის დაწესებას ეხმაურება.
ასოციაციაში განმარტავენ, რომ ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ორგანო ბაზარზე ფასის დადგენაში ერევა, რა თქმა უნდა, არასასურველი მოვლენაა და პრინციპში მიუღებელიც.
"თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფალი ბაზრის პრინციპები, მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუ ბაზარი მართლაც თავისუფალი და კონკურენტულია. დღევანდელი ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებული სიტუაცია ძნელია შეფასდეს, როგორც ჯანსაღი კონკურენცია. ამას ბევრი კომპონენტი განაპირობებს. კომპანიების საქმიანობის დასაშვები გამჭირვალობის ფარგლებიც, მეპატრონეთა ვინაობის მისაწვდომობის თემაც, მეპატრონეთა ცვლის პროცესის არასაკმარისი ღიაობაც და გარკვეული ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციაც, რომლის თანახმადაც ერთ-ერთ კომპანიას საგადასახადო უწყების მიერ ჯარიმად დარიცხული 100 მილიონზე მეტი ლარი "ჩამოეწერა"- განმარტავენ ასოციაციაში.
მათივე ინფორმაციით, მარეგულირებელმა მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს, რომ ბაზარზე უხეში ჩარევა მოუხდა, რადგან უკვე წლებია იგი თვალს ხუჭავდა კომპანიების უკონტროლო ქმედებებზე.
"ამიტომ, ასეთი წინაპირობების არსებობის გამო, აფბა მიესალმება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას მობილური ოპერატორებისთვის ტარიფზე ზედა ზღვრის დადგენის შესახებ.
მითუმეტეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი აფბას „ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის კვლევის" რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტითაც იყო გათვალისწინებული, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა"- აცხადებენ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბაში".
მარეგულირებლის დასკვნით, "მაგთის" ხარჯი 1 წუთზე გაანგარიშებით 17,1 თეთრს შეადგენს, ხოლო "ჯეოსელის" - 18,5 თეთრს. მაშინ, როცა "ჯეოსელის" ქსელში 1 წუთის ღირებულება 28,8 თეთრი, ხოლო "მაგთის" ტარიფი 32 თეთრია. ამ ხარჯში ყველა გადასახადი და მოგებაა გათვალისწინებული.
"გამოდის, რომ „მაგთი" გარე ზარებზე ფაქტობრივად 87%-იან მოგებას ღებულობს, ხოლო „ჯეოსელი" - 55%-იანს. აღსანიშნავია, რომ კომისიის მიერ დათვლილ ტარიფში ჩადებულია აქციზის 10%-იანი გადასახადიც, რომელიც 2010 წლის სექტემბერში დაუწესდათ მობილურ ოპერატორებს. ე.ი. გასული წლის სექტემბრამდე კომპანიების მოგება გაცილებით დიდი იყო. სამწუხაროა, რომ კომისიას ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად 15 წელი დასჭირდა, ამ დროის მანძილზე კი კომპანიები რომ ძალიან მაღალ, ფაქტობრივად ზემოგებაზე მუშობდნენ და მოსახლეობას არაადეკვატური ტარიფის გადახდა უხდებოდა მობილურით სარგებლობისას, უკვე ოფიციალურად დადასტურდა"- ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აფბა ეთანხმება კომისიის მიერ გაკეთებულ დასკვნებს, თუმცა მიიჩნევს, რომ კომისიის ქმედებები ზედმეტად რბილია. თუ კვლევით დასტურდება, რომ კომპანიები 50-90%-იან მოგების მარჟაზე მუშაობდნენ, დღესაც აგრძელებენ იგივეს და ოპტიმალურ ტარიფთან შედარებით ფაქტობრივად 2-ჯერ მეტს ახდევინებენ მოსახლეობას, მაშინ რატომ დააწესა კომისიამ 24 თეთრიანი ზედა და არა ვთქვათ, 20 თეთრი, რომელიც, ჩვენი აზრით, უფრო სამართლიანი ტარიფი იქნებოდა.