"ალიანსი საქართველოსთვის" ნაციონალურ მოძრაობას NDI - ის პროექტში დაბრუნებისაკენ მოუწოდებს. ამის შესახებ, "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა სასტუმრო "მარიოტში," აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ შევხვდით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მოვახსენეთ თუ რა ხდება საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით - რა შედეგები იქნა მიღწეული, რა პრობლემები და პერსპექტივებია ამ საკითხთან დაკავშირებით. დავადასტურეთ ჩვენი პოზიცია, რომ NDI -ის სამუშაო ჯგუფის პროექტში, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. ბევრი რამ მიღწეულია და შეუთანხმებელ საკითხებზე მუშაობაა საჭირო. ამ მხრივ ნაციონალური მოძრაობის ნაბიჯი არასწორია, როდესაც ის გაიქცა მოლაპარაკებების მაგიდიდან. ისინი ესაუბრებიან მხოლოდ მათ ვინც ყველაფერში ეთანხმება. მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არჩევნებიც დაკარგავს საზოგადოების ნდობას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
იქვე დავით უსუფაშვილმა საარჩევნო ბარიერზეც ისაუბრა და კვლავ გაიმეორა "ალიანსი საქართველოსთვის პოზიცია - ისინი მზად არიან დათმობაზე წავიდნენ და 50 + 1 -ის მაგივრად 45% -ან ბარიერზე დათანხმდნენ.
"ჩვენ ვთვლით, რომ 50 + 1 არის სამართლიანი, თუმცა 45% - ზეც თანახმა ვართ, მთავარია მოლაპარაკებები გაგრძელდეს, კონსესუსი შეიძლება, მაგრამ არა 30% - იან ბარიერზე, რომელიც მათი ვარაუდით გარდაუვალ გამარჯვებას მოუტანს", - აღნიშნა უსუფაშვილმა.