ლიბანიდან ისრაელზე “ჰეზბოლას” თავდასხმების ფონზე, ისრაელის პრემიერ -მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დაჯგუფებას ახალი საპასუხო დარტყმებით დაემუქრა.
"ბოლო დღეებში, „ჰეზბოლას“ დარტყმების სერია მივაყენეთ, რაც მათ ვერ წარმოედგინათ. თუ მან ეს გზავნილი ვერ გაიგო, გპირდებით, რომ ის ამას აუცილებლად გაიგებს," - განაცხადა ისრაელის პრემიერმა. იუწყება სააგენტო AFP.
ამავდროულად, ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტი შეეცდება შეაჩეროს „ჰეზბოლას“ თავდასხმები ჩრდილოეთ ისრაელზე, რათა ადამიანებმა, რომლებმაც იძულებით დატოვეს ეს ტერიტორიები, შეძლონ თავიანთ სახლებში დაბრუნება.
„ვერც ერთი ქვეყანა ვერ მოითმენს თავდასხმებს თავის მოქალაქეებზე, თავდასხმებს მის ქალაქებზე და ჩვენ, ისრაელის სახელმწიფო, არ შევურიგდებით ამას, - თქვა ნეთანიაჰუმ.
22 სექტემბერს, დილით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ ლიბანში რადიკალური შიიტური მოძრაობის, „ჰეზბოლას“ სამიზნეებს დაარტყეს ლიბანიდან სარაკეტო დარტყმების შემდეგ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 22 სექტემბერს დილით, ჩრდილოეთ ისრაელში, ჰაიფას რაიონის წინააღმდეგ ლიბანიდან 85 რაკეტა ისროლეს.
ისრაელის საჰაერო თავდაცვამ რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდო, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა მიზანს მიაღწია. საერთო ჯამში „ჰეზბოლას“ მებრძოლებმა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 115 რაკეტა გაუშვეს.
ისრაელის სამაშველო სამსახურის ცნობით, სულ მცირე სამი ადამიანი დაიჭრა ჰაიფას რაიონში ლიბანის დაბომბვის შედეგად. გარდა ამისა, დაზიანდა რამდენიმე შენობა და მანქანა.
მანამდე, 20 სექტემბერს, ისრაელმა ავიაიერიში განახორციელა ბეირუთზე, რომელსაც ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 22 სექტემბრის დილისთვის სულ მცირე 45 ადამიანი შეეწირა.
ამავდროულად, მოკლეს „ჰეზბოლას“ მაღალი რანგის მეთაური იბრაჰიმ აქილი და რადვანის სპეცრაზმის სამხედრო ოპერაციების მეთაური აჰმედ მაჰმუდ ვაჰბი.
აქილისა და ვაჰბის სიკვდილი „ჰეზბოლამაც“ დაადასტურა. ამასთან, როგორც სააგენტო AP წერს, იერიშის მსხვერპლთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან.
შეგახსენებთ, ლიბანში 17 და 18 სექტემბერს „ჰეზბოლას“ წევრების პეიჯერები და პორტატული რაციები მასობრივად აფეთქდა. შედეგად, სულ მცირე 37 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 3000 დაშავდა.
„ჰეზბოლამ“ თავდასხმაში ისრაელი დაადანაშაულა, მაგრამ ისრაელის ხელისუფლებას ოფიციალურად არ აუღია უშუალო პასუხისმგებლობა ამ ოპერაციაზე.