ყვარლის რაიონის სოფელ გავაზის მოსახლეობა ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას" უფლებების დარღვევაში, ენერგოომბუდსმენს კი უყურადღებობაში ადანაშაულებს. ადგილობრივების თქმით, ბოლო დროს კომპანიის მიერ დაკისრებული გადასახადი მკვეთრად მეტია იმაზე, ვიდრე სოფელი ელექტროენერგიას მოიხმარს.
კახეთის საინფორმაციო ცენტის ინფორმაციით, საუბნო მრიცხველის ჩვენების მიხედვით, თითოეულ აბონენტს დანამატის სახით თვეში 70 ლარამდე თანხის გადახდა უწევს. გავაზის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ საკითხის გასარკვევად ენერგოდისტრიბუციის კომპანიის ყვარლის სერვის - ცენტრს არერათხელ მიმართეს, მაგრამ პრობლემის მოგვარების ნაცვლად, აბონენტებს დაჭერით დაემუქრნენ.
მოსახლეობამ ენერგოსადისტრიბუციო კომპანიისგან არაერთხელ მოითხოვა სპეციალური ჯგუფის შექმნა და ინსპექტირება, რათა დადგენილიყო, საიდან ხდება გარღვევა, მაგრამ კომპანიამ აბონენტების ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა. გავაზის მოსახლეობა სოფელში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ჩასვლას ითხოვს.
კახეთის ენერგოდისტრიბუციის ყვარლის სერვის - ცენტრში კომენტარი არ გააკეთეს. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდა, გავაზელები საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან.