16 იანვარს 17.00 საათზე საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში დეკანოზ თავმას ჩოხელის ინიციატივით პირველად ჩატარდება "გუდამაყრის დღე".
გუდამაყრის ხეობის ისტორიაზე, ფოლკლორსა და ტრადიციებზე მეცნიერები და მწერლები ზურაბ კიკნაძე, გიგი ხორნაული, ივანე წიკლაური და სხვები ისაუბრებენ.
გუდამაყრის ხეობის სოფელ დუმაცხოდან მოლექსე ჯოყოლა აფციაური და გრიშა აფციაური თავიანთ შემოქმედებას გააცნობენ მსმენელს. აქვე მოხდება მამა თავმას ჩოხელის პოეზიის დისკის პრეზენტაცია. დისკები სტუმრებს უფასოდ დაურიგდებათ.
საღამოს საქველმოქმედო სახე ექნება. შეგროვდება შემოწირულობაც დუმაცხოს მკვიდრის, ხანდაზმული ჯოყოლა აფციაურისათვის, რომელიც მარტოდმარტო ცხოვრობს სოფელში.
ამასთან, წარმოდგენილი იქნება გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებებიც. მხატვრული პროგრამით წარდგებიან კიტოხისა და ფასანაურის სკოლის მოსწავლეები.
"გუდამაყრის დღეებში" მონაწილეობას, ასევე, მიღებენ პოეტები მამუკა წიკლაური, დიმიტრი წიკლაური, მომღერალი თემურ წიკლაური და სხვები.