"ქრისტიან-დემოკრატები" პოლიტიკური ძალების მიერ დასავლური ფასეულობის ერთგულების კონსტიტუციურ გარანტიას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ლალიაშვილის თქმით, რუსეთის პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო ხშირად ისმის იმის მტკიცება, რომ საქართველოში მხოლოდ სააკაშვილი და მმართველი პოლიტიკური კლასი არის დასავლური ღირებულების მატარებელი და როგორც კი ქვეყანაში მოხდება რეჟიმის შეეცვლა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორები მკვეთრად შემობრუნდება ჩრდილოეთის მიმართულებით.
"რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ისტებლიშმენტი ამტკიცებს, რომ საქართველოს დაბრუნება დსთ-ს სივრცეში გარდაუვალია", - აცხადებს ლალიაშვილი და მიიჩნევს, რომ ასეთ განცხადებებს, შესაძლოა, ჰქონდეს რეალური საფუძვლები, რომლებიც ახლა ზედაპირზე არ ჩანს და იმისათვის, რომ წინასაწრ იქნას პრევენციული ღონისძიებები გატარებული "ქრისტიან- დემოკრატები" კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას ითხოვენ, რომლის თანახმად, საქართველო უარს იტყვის იმ სახელმწიფოთა მიერ შექმნილ სამხედრო პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გაერთიანებებში მონაწილეობაზე ნებისმიერი ფორმით რომლებიც არ ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით.
აღნიშნული ფორმულირება კონსტიტუციაში უნდა გაფორმდეს 108 პრიმა მუხლით. ლალიაშვილის თქმით, "ქრისტიან-დემოკრატები" კონსტიტუციური კანონის პროექტს გაუგზავნიან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, რათა მისი თქმით, "ხელი შეეწყოს საკონსტიტუციო რეფორმის თანმიმდევრულ და ერთიან სისტემაში წარმართვას".
ლალიაშვილის თქმით, ბოლო დროს დამკვიდრდა მავნე პრაქტიკა რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ხორციელდება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გვერდის ავლით, რაც მისი თქმით, მავნე პრაქტიკაა.