ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა ჩემთვის და დიდი პატივია, ვულოცავ ოლიმპიელებს, ვინც დაჯილდოვდნენ, - ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ორბელიანების სასახლის წინ მიმდინარე სახალხო ზეიმზე სადაც საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს ჯილდოები გადასცა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაჯილდოვდნენ ის სპორტსმენებიც, რომელთაც ოლიმპიადასა და პარალიმპიადაზე მედლები ვერ მოიპოვეს.
ამასთან, გენო პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაშია, მისი ოჯახის წევრები არასასიამოვნო სმს-ებს იღებენ.
"არ არის სასიამოვნო ის ნეგატიური და არასასიამოვნო სმს-ები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ. არსებობენ გარკვეული ჯგუფები, ვინც ამას აკეთებს, უბრალოდ ეს არ არის ლამაზი. მაგრამ ჩვენ ვპატიობთ ამ ყველაფერს, გულთან ახლოს არ მიგვაქვს და არ ვაქცევთ ყურადღებას“, - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.