თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ენმ-ის წევრი ირაკლი ეძგვერაძე მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 2 700 ლარით დააჯარიმა.
"მოსამართლემ ირაკლი ეძგვერაძე 2 700 ლარით დააჯარიმა იმ გარემოებაში, როცა მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ის იზოლატორში 48 საათი ჰყავდათ და თურმე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოძალადე პოლიციელები არც კი გამოუკითხია.
დღეს ჩვენ სასამართლოში ვიდეომტკიცებულებები წარმოვადგინეთ, სადაც ჩანდა, რომ ირაკლი ეძგვერაძე არავითარ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ სჩადიოდა. სასამართლოს არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა, რომ ეს განაჩენი გამოეტანა. ისევ და ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს". - თქვა ეძგვერაძის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ.
ეძგვერაძემ დღვანდელი სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
4 სექტემბერს გლდანში, ენმ-ს საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ეძგვერაძე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, პოლიციელებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის ხელის შეშლის მიზეზით დააკავა. ეძგვერაძესთან ერთად დააკავეს თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძეც, რომელიც მოსამართლემ გუშინ, 12 სექტემბერს სამართალდამრღვევად ცნო და 2 500 ლარით დააჯარიმა.