დღეს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთისა და წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა იესო ქრისტემ წინადაცვეთა შობიდან მერვე დღეს მიიღო, რაც მამრობითი სქესის ყველა ყრმისათვის იყო იუდეველებში დაწესებული, ნიშნად იმ აღთქმისა, რომელიც ებრაელთა მამამთავარს აბრაამს და მის შთამომავალთ დაუდო ღმერთმა. ამ წესის აღსრულების ჟამს ღვთაებრივ ყრმას სახელად იესო ("მხსნელი", "მაცხოვარი") ეწოდა.
ეკლესიის წმინდა მამების განმარტებით, უფალმა წინადაიცვითა და ამით მაგალითი უჩვენა ადამიანებს იმისა, თუ როგორ უნდა ასრულებდნენ ისინი ღვთაებრივ დადგინებას. გარდა ამისა, უფალმა იმისათვის მიიღო წინადაცვეთა, რომ მომავალში არავის შეჰპარვოდა ეჭვი მის ჭეშმარიტ ადამიანურ ბუნებაში და არავის ეთქვა, - მხოლოდღა მოჩვენებითი სხეულის მატარებელიაო იგი.
ახალ აღთქმაში წინადაცვეთის წესი ნათლისღების საიდუმლომ შეცვალა, რომლის წინასახესაც იგი წარმოადგენდა.