"ქრისტიან-დემოკრატები" კონსტიტუციაში ცვლილებას ითხოვენ. როგორც საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო ისეთი ქვეყნების გაერთიანებაში არ უნდა გაწევრიანდეს, რომლებიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობენ.
"ქრისტიან-დემოკრატები" ფიქრობენ, რომ ყველა ასეთი მცდელობა დანაშაულებრივ ქმედებად უნდა ჩაითვალოს.
"ჩვენმა ფრაქციამ მოამზადა საკონსტიტუციო კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მიერ უარის თქმას იმ სახელმწიფოთა მიერ წარმოქმნილ ალიანსებში (იქნება ეს სამხედრო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური) მონაწილეობაზე, გაწევრიანებაზე, რომლებიც არ ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართული იქნება ასეთი ტიპის ალიანსებში საქართველოს ჩათრევისკენ, იქნება განხილული, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის საწინააღმდეგოდ მიმართული დანაშაულებრივი ქმედება და ის დაისჯება სისხლის სამართლის წესით", - განაცხადა ლალიაშვილმა.
"ქრისტიან-დემოკრატები" საკუთარ წინადადებას დღესვე საკონსტიტუციო კომისიას გააცნობენ.