"ქართუ ჯგუფმა" ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ინფორმაციებზე განცხადება გაავრცელა. განცხადებას უცვლელი სახით გთავაზობთ:
"ბოლო დროს რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაცია საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს. სააგენტოებმა presage.tv -იმ და "პირველმა" ორკვირიანი ინტერვალით ფაქტობრივად იდენტური შინაარსის ინფორმაცია გამოაქვეყნეს, თუმცა ინტერნეტით გავრცელებული ეგრეთ წოდებული ნიუსები ინფორმაცია კი არა, დეზინფორმაციაა.
ერთ შემთხვევაში presage.tv წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილმა დაიბარა და 1.5 მილიარდი დოლარი მოსთხოვა, რის გამოც გაბრაზებულ ივანიშვილს გადაწყვეტილება მიუღია, საქართველოში რაც ბიზნესი აქვს დახუროს (სხვათა შორის, ეს ინფორმაცია იმავე დღეს ტელეკომპანია `კავკასიის~ ეთერში ბატონმა დავით აქუბარდიამაც გააცნო მაყურებელს); ხოლო მეორე შემთხვევაში სააგენტო `პირველი~ გვამცნობს, რომ ხელისუფლებისგან უკიდურესად შევიწროებულმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ყველა პროექტი შეაჩერა და იგი იძულებული გამხდარა, ოჯახის წევრები და საახლობლო საქართველოდან გაეხიზნა.
ორივე სააგენტოს ინფორმაცია არის სრული აბსურდი, რადგან ივანიშვილი საქართველოში მხოლოდ საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, აქ არანაირი ბიზნესი არ გააჩნია (რის შესახებაც `ქართუ ჯგუფის~ პრესსამსახურმა არაერთხელ ოფიციალურად განაცხადა პრესაში) და შესაბამისად, მისი არც დახურვა შეიძლება და არც შეჩერება.
არსებობს `ქართუ ჯგუფი~, რომელიც არანაირ კომერციულ საქმიანობას არ ეწევა და იმ პროექტების მომსახურებისთვის არის შექმნილი, რომლებსაც საქველმოქმედო ფონდი `ქართუ~ ახორცილებს.
ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც ფორმალურად კომერციული ჰქვია, არის ბანკი `ქართუ~. მისი პასივების 90 პროცენტზე მეტი `ქართუ ჯგუფის~ ორგანიზაციების ანგარიშებზე არსებული ნაშთებისგან შედგება.
თუკი ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არ გააჩნია, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის აშკარაა, რომ შეუძლებელია ხელისუფლების მხრიდან მასზე რაიმე ზემოქმედების მოხდენა, როგორც ამის წარმოჩენა სურთ. შესაბამისად, ივანიშვილს ვერც ვერავინ დაიბარებს და არც არავის ეახლება.
ერთადერთი, შესაძლოა არსებობდეს ხელისუფლებისგან მისი ფიზიკური ხელყოფის საფრთხე; მაგრამ რატომ უნდა აგდებდეს საკუთარ თავსაც და ახლობლებსაც საფრთხეში ივანიშვილი აქ, საქართველოში ყოფნით, როცა მას და მის ოჯახსაც აქვს ყველანაირი საშუალება, სადაც მოუნდებათ იქ იცხოვრონ.
ჟურნალისტებს სურვილი რომ გასჩენოდათ, იოლად დაადგენდნენ, რომ ივანიშვილს საქართველოში ბიზნესი არ გააჩნია, რის შესახებაც არაერთხელ ჩვენც განგვიცხადებია და იმ ინფორმაციის მოპოვებასაც შეძლებდნენ, რომ ბატონი ბიძინას მთლიანი კაპიტალის 2/3 რუსეთს გარეთ სხვადასხვა საფონდო ბირჟებზე კოტირებად უცხოურ ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 1/3 _ რუსეთის სხვადასხვა ბიზნესსექტორში.
ასევე არაერთხელ დაწერილა რუსეთში არსებული აქტივებისა და მის საკუთრებაში არსებული ბიზნესის შესახებ და მსგავსი მონაცემების მოძიებაც სავსებით ხელმისაწვდომია სხვადასხვა წყაროდან.
რუსეთში არსებული აქტივების მოცულობიდან გამომდინარე, რუსეთში კი ნამდვილად შეეძლოთ მისი დაძახება ან დაბარება და მასზე ზემოქმედების მოხდენა, მაგრამ იქ არავის მოსვლია აზრად, მსგავსი რამ ეკადრებინათ მისთვის. ასეთი ფაქტი და შეხვედრა რომ ნამდვილად არ ყოფილა, ამის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი აქტივების მართვას წარმატებით ახერხებს საქართველოდან და ბოლო 8 წლის განმავლობაში საერთოდ არ ყოფილა რუსეთში.
რატომ ავრცელებს ორივე სააგენტო პრაქტიკულად ერთსა და იმავე შინაარსის სიცრუეს? მათ იციან სიმართლე, მაგრამ ცდილობენ მიაწერონ ის, რაც არ არსებობს, შემდეგ კი თვითონვე `უხურავენ~ მათი წარმოსახვით შექმნილ პროექტებს. იციან სიმართლე, მაგრამ სხვაგვარად ხომ ვეღარ დაწერდნენ მთავარს _ რომ დაიბარეს, ყური აუწიეს, დააშინეს...
მთავარი სიცრუე სწორედ ეს არის _ ივანიშვილს მიაწერონ ის, რაც არ გააჩნია, რაც არ მომხდარა. ამიტომაც შევეცდებით განვმარტოთ, რატომ სურთ საქმის ასეთნაირად წარმოჩენა:
პირველი _ იმიტომ, რომ ჟურნალისტებს მსგავსი სტატიებით სურთ იმის ჩვენება, რომ ხელისუფლება ისეთ ბიზნესმენსაც კი არ ინდობს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია. თუკი ხელისუფლება ასე მოქცევას კადრულობს ივანიშვილთან, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა წნეხს უნდა განიცდიდნენ ბიზნესსექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც მხოლოდ საქართველოში საქმიანობენ. სწორედ მათი დაშინება სურთ.
მეორე: ჩვენი ვარაუდით, მსგავსი ინფორმაციების გამავრცელებლებს სურთ საქართველოს ხელისუფლების პირველი პირის ძლევამოსილების ჩვენებაც, რომ მას შეუძლია დაიბაროს და ფული მოსთხოვოს ბიძინა ივანიშვილსაც კი, რომელიც Fორბეს-ის მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში მსოფლიოს 200 უმდიდრეს ადამიანს შორის სახელდება.
და კიდევ: ეს არის ბატონი ბიძინას პიროვნების დამცირების, საზოგადოების თვალში მისი იმიჯის შელახვის მცდელობა და იმის ჩვენება, რომ შესაძლებელია მისი დაბარება, დაშინება და მასზე ზემოქმედება. მერე რა, რომ მდიდარია _ როცა უნდათ დაიბარებენ და რასაც უნდა, იმას გააკეთებინებენ!
სააგენტო `პირველი~ დარწმუნებით ამტკიცებს, რომ ივანიშვილი სააკაშვილის ხელისუფლებას აფინანსებდა და `სააკაშვილის კეთილგანწყობისა და სიყვარულისთვის~ ასეულობით მილიონი დოლარი გადაიხადა~. სააგენტო დაბეჯითებით ირწმუნება აგრეთვე, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების პიარაქცია სპორტის სასახლეში ბიძინა ივანიშვილს ერთი მილიონი დოლარი დაუჯდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილს საქართველოში არანაირი ბიზნესი არ გააჩნია, მას არ სჭირდება არც ერთი ხელისუფალისა თუ პოლიტიკოსის კეთილგანწყობის მოპოვება.
ასევე არაერთხელ განგვიცხადებია იმის შესახებაც, რომ ბატონ ბიძინას არ გააჩნია არანაირი პოლიტიკური ინტერესები და სიმპათიები არც სახელისუფლებო და არც სხვა რომელიმე პარტიისა თუ პოლიტიკური მიმდინარეობის მიმართ.
ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ ბატონ ბიძინას არასოდეს დაუფინანსებია სააკაშვილის მთავრობა, მით უმეტეს მისი არც ერთი წინასაარჩევნო პიარაქცია. ასევე კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ იგი არც მომავალში აპირებს ხელისუფლების დაფინანსებას.
სააგენტო `პირველი" წერს, თითქოს შეეცადა ინფორმაციის გადამოწმებას, მაგრამ თურმე `ივანიშვილთან და მის ახლობლებთან დაკავშირება, როგორც ყველასთვის ცნობილია, შეუძლებელია~.
ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ _ როგორც ყველასთვის ცნობილია, მედიის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილთან და საქართველოში მის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომენტარის მიღებას `ქართუ ჯგუფის~ პრესსამსახურისგან ცდილობენ ხოლმე; სააგენტო `პირველს~ ჩვენი პრესცენტრისთვის არ მოუმართავს და ეს მარტივი ასახსნელია _ არც ჟურნალისტს და არც სააგენტოს მესვეურებს სიმართლე არ აინტერესებდათ. ჩვენი კომენტარის შემდეგ სენსაცია და ცრუ აჟიოტაჟი არ შედგებოდა და შესაბამისად დაკვეთაც ვერ შესრულდებოდა.
ბატონი ბიძინა და მისი ოჯახი დღესაც საქართველოშია და არ არსებობს რაიმე გარეშე მიზეზი, რომელმაც შესაძლოა მას აქედან წასვლის სურვილი გაუჩინოს. ვერავინ აიძულებს მას, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ რამე გააკეთებინოს. "