"სახალხო ფრონტის" ლიდერის ნოდარ ნათაძის მტკიცებით, პანკისის ხეობაში რუსეთი სამხედრო ოპერაციას გეგმავს.
როგორც ნათაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსკოვს ტერიტორიის ოკუპაციის მიზნით დაგეგმილი ომისთვის ყველაფერი მზად აქვს.
არგუმენტად ნათაძე ბოლო პერიოდში ქართულ სატელევიზიო სივრცეში გაზრდილ რუსულ პროპაგანდას ასახელებს.
"რუსეთს მომზადებული აქვს ყველანაირი ნიადაგი: ჯარებიც ჰყავს დაყენებული, გზებიც ჰყავს მიყვანილი კავკასიონის უღელტეხილამდე და პიარ-კამპანია აქვს ჩაშვებული - ამბობს, რომ ალ-ქაიდა მოქმედებს საქართველოში, რომელიც უმიზნებს რუსეთს და ამიტომაც, ის უნდა უვნებელყოს", - განაცხადა ნათაძემ.
"სახალხო ფრონტის" ლიდერი ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთის სპეცსამსახურების განცხადებაზე რეაგირება დროულად მოახდინოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს.