სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი BRICS-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც წელს ოქტომბერში, რუსეთის ქალაქ ყაზანში გაიმართება. ამის შესახებ სომხეთის საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა სარქის ხანდანიანმა განაცხადა.
ხანდანიანის განცხადებით, ერევანი არ აპირებს BRICS-ში გაწევრიანებას.
მოგვიანებით, აღნიშნული ინფორმაცია მედიასთან დაადასტურა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა.
BRICS-ის სამიტი ყაზანში 22-24 ოქტომბერს გაიმართება.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ BRICS-ში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს თურქეთმა და აზერბაიჯანმა და შესაბამისი განაცხადები წარადგინეს.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინიციატივით დაარსებულ სახელმწიფოთაშორის ეკონომიკურ გაერთიანებას BRICS 2024 წლიდან 5 ახალი სახელმწიფო შეუერთდა. ეს სახელმწიფოებია ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია.
მანამდე BRICS-ში ხუთი სახელმწიფო იყო გაერთიანებული. ორგანიზაციის სახელწოდება მისი წევრი ქვეყნების დასახელებების პირველი ასოებისგან შედგება - B – Brazil (ბრაზილია), R – Russia (რუსეთი), I – India (ინდოეთი), C – China (ჩინეთი), S – South Africa (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
გაერთიანებაში გაწევრიანების მოწვევა არგენტინასაც ჰქონდა მიღებული, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებში ხავიერ მილეის გამარჯვების შემდეგ, ბუენოს აირესმა უარი თქვა გაწევრიანებაზე და ამის შესახებ ოფიციალურად აცნობა სხვა წევრებს.
2024 წლის 1 იანვრიდან BRICS-ის თავმჯდომარეობა რუსეთმა გადმოიბარა.
პუტინის მიერ დაარსებული ორგანიზაციის წევრობას ჯერჯერობით რაიმე ხელშესახები შედეგი არ მოუტანია წევრი ქვეყნებისთვის.