ახლა მე უნდა მომწყვიტონ ჩემს სამუშაოებს, 13-ში გადამიდეს სასამართლო პროცესი, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გლდანის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ეძგვერაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„ეს ძალადობა პირველი არ არის ეს ჩემს მიმართ, ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, ჩემი მეგობრების მიმართ. ერთი კვირაა სადღაც, რაც დავიწყე აქტიური მუშაობა. ჩავიბარე გლდანის შტაბი, ვხელმძღვანელობ გლდანის ორგანიზაციას. ვურეკავ ადამიანებს, ვესაუბრები, ვარწმუნებ, რომ საჭიროა ხმების დაცვა და აქტიურად ვმუშაობ.
ალბათ, ეს აღიზიანებთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ კონკრეტულმა ადამიანმა, რომელიც აგრესიით გამოირჩეოდა, მე მიცნო. მართლა ვერ ვხვდები 30 პოლიციელს რაში შევუშალე ხელი. საქმე იმაშია, რომ ახლა მე უნდა მომწყვიტონ ჩემს სამუშაოებს, 13-ში გადამიდეს სასამართლო პროცესი, ყველა წუთი მნიშვნელოვანია ჩემთვის, არჩევნებია, საარჩევნო გარემოა. ერთი კითხვა მაქვს, თუ მე ვუშლიდი ხელს და იქ კიდევ უამრავი ადამიანი იყო, რაღა მაინც და მაინც ირაკლი ნადირაძე დააკავეს, რომელიც არის ისან-სამგორის შტაბის უფროსი. შემთხვევით ხომ არ ხდება ეს? აქტიურ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან ადამიანებს ელაპარაკებიან, ველზე გადიან, ასეთ ადამიანებს შემთხვევით მოუწყვეს ასეთი რაღაც? მე არ მჯერა ასეთი შემთხვევითობის“ - განაცხადა ეძგვერაძემ.
ირაკლი ეძგვერაძე, ენმ-ს წევრ ირაკლი ნადირაძესთან ერთად, პოლიციამ 4 სექტემბერს დააკავა. შსს-ს ცნობით, ეძგვერაძემ სამართალდამცავებს, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა.
დღეს, 6 სექტემბერს ირაკლი ეძგვერაძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. ირაკლი ეძგვერაძე 48-საათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. შემდეგი სასამართლო სხდომა კი 13 სექტემბერს ჩაინიშა.