საქართველოს საგარეო სამინისტრო რუსი მილიციელების მიერ ედუარდ ღურცკაიას მოკვლის ფაქტს ოფიციალური განცხადებით ეხმაურება.
"ასეთი ქმედება გასაკვირი არ უნდა იყოს იმ ქვეყნის "სამართალდამცავების" მხრიდან, რომელიც, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან აწარმოებს გამოუცხადებელ ომს საქართველოს წინააღმდეგ, 2006 წელს განახორციელა ეთნიკური ქართველების რუსეთის ტერიტორიიდან მასობრივი განდევნა, შემოიჭრა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე და ჩაატარა ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღა. ამგვარი პოლიტიკის ერთი კონკრეტული მაგალითია ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ოთხი ბავშვი დღესაც ტყვეობაში ჰყავთ ცხინვალის სუკ-ში", - ნათქვამია ვაშაძის უწყების განცხადებაში.
ამასთან, ოფიციალური თბილისის შეფასებით, "ეს მკვლელობა ნათელი დასტურია იმისა, რომ რუსეთში, ქსენოფობია ჩვეულებრივი მოვლენაა, ხოლო ეთნიკურ ნიადაგზე დანაშაულს, ეროვნულ უმცირესობების და კავკასიელების მიმართ, თანაბრად ჩადიან "სკინჰედები" და მათთან მეთოდებით დაახლოებული რუსეთის მილიცია".
შეგახსენებთ, რომ რუსმა მილიციონერებმა საქართველოს მოქალაქე ედუარდ ღურცკაია გუშინ წინ, ცემაში მოკლეს. მკვლელობის მსხვერპლი აფხაზეთიდან ლტოლვილი იყო.