"ქართული ოცნება აგონიაშია: ყოვლად მიუღებელი, ცინიკური მეთოდით, პოლიციელები სახლთან ჩაუსაფრდნენ ჩვენი პარტიის გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ირაკლი ეძგვერაძეს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაიტაცეს ის... დიახ, ეს იყო გატაცება და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, რადგან ირაკლის ადვოკატმა სამი საათის განმავლობში არ იცოდა, რომელ იზოლატორში იყო ირაკლი", - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე.
გუშინდელ დაკავებასთან დაკავშირებით ზაჰესის იზოლატორთან გამართულ მიტინგზე სოფო ჯაფარიძემ განაცხადა:
"იმის ნაცვლად, რომ "ქართული ოცნება" ებრძოდეს იმ პრობლემებს, რომელთა წინაშე დგას საქართველოს თითოეული მოქალაქე, ებრძოდეს კორუფციას, ფასების ზრდას, სიღატაკეს, ის ებრძვის ოპოზიციას და ბუნებრივია, პირველი სამიზნე სწორედ ჩვენი კოალიცია, ჩვენი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა". დღეს ბიძინა ივანიშვილი სრულ აგონიაშია: მათ ხალხში გასასვლელი პირი არა აქვთ, მაგრამ ამავე დროს "ქართულ ოცნებაში" ხედავენ, როგორ გვხვდებიან ადგილობრივები საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა თუ სოფელში და სწორედ ეს არის მათი შიში. ჩვენ გუშინ ვნახეთ, როგორი ყოვლად მიუღებელი, ცინიკური მეთოდით, პოლიციელები სახლთან ჩაუსაფრდნენ ჩვენი პარტიის გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ირაკლი ეძგვერაძეს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაიტაცეს ის. დიახ, ეს იყო გატაცება და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, რადგან ირაკლის ადვოკატმა სამი საათის განმავლობში არ იცოდა, რომელ იზოლატორში იყო ირაკლი. მაგრამ ალბათ, არავის გაგკვირვებია ასეთი მეთოდების გამოყენება რადგან სწორედ ირაკლი კობახიძემ დააანონსა დევნა, ძალადობა და რეპრესიები და მათმა ზონდერ-ჯგუფებმა არ დააყოვნეს და სულ რამდენიმე საათში პრემიერის ანონსი ნიუსად, ფაქტად აქციეს. მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას: ხელისუფლების შენარჩუნებისკენ მიმართული თქვენი ყველა მცდელობა ფუჭია, თქვენი დრო ძალიან მალე, 26 ოქტომბერს ამოიწურება და თქვენი კლანჭებიდან დახსნილ ქვეყანას ისევ წავიყვანთ ევროპულ გზაზე და დიახ, ჩვენი ქვეყანა აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას, - განაცხადა ჯაფარიძემ.