"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ ხელი მხოლოდ საარჩევნო კოდექსის შეთანხმებული მუხლების ნაწილს მოაწერა.
როგორც NDI-ის ოფისში მისულმა ბაღათურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ადმინისტრაციის დაკომპლექტების შესახებ საკითხს არ ეთანმება, კერძოდ ფიქრობს, რომ საარჩენო ადმინისტრაციაში ოპოზიცია და ხელისუფლება თანაბარი რაოდენობით იყოს წარმოდგენილი.
"საარჩევნო ჯგუფის ფორმატში მნიშვნელოვან საკითხებზე მოხდა შეთანხმება, თუმცა ღიად რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას უკავშირდება. ჩვენ ვითხოვთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საუბნო კომისიების დაკომპლექტება თანაბარი ბალანდით მოხდეს", - განაცხადა ბაღათურიამ.
შეგახსენებთ, რომ ახალი საარჩევნო კოდექსის შეთანხმებულ მუხლებს ხელი დღეს მმართველმა გუნდმაც მოაწერა.
ამ მიზნით NDI-ის ოფისში რამდენიმე წუთის წინ უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი პალიკო კუბლაშვილი მივიდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ "პროცესი საკანონმდებლო მიმართულებით წავა".
"ჩვენ მოვამზადებთ კანონპროექტს იმ პარტიებთან ერთად, რომლებიც შეთანხმების მონაწილეები არიან", - განუცხადა კუბლაშვილმა ჟურნალისტებს და აქვე განმარტა, რომ საკანონმდენლო პროცესი სავარაუდოდ ერთი თვე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ შეთანხმებულ საკითხებს შორისაა მერის პირდაპირი წესით არჩევნები, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა და საკრებულოს დაკომპლექტება.