გაეროს ექსპერტები გამოთქვამენ შეშფოთებას ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევების ზრდის გამო. სიკვდილით დასჯილთა საერთო რაოდენობამ ამ წლის დასაწყისიდან 400-ს გადააჭარბა.
მხოლოდ აგვისტოს თვეში, ირანმა 81 სიკვდილით დასჯის განაჩენი აღასრულა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ივლისის მონაცემებს. ივლისში სიკვდილით დასჯა 45-ჯერ აღასრულეს.
საგანგაშო მონაცემების შესახებ მოთხრობილია გაეროს 11 დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
ექსპერტების განცხადებით, 2024 წლის დასაწყისიდან, ირანში სიკვდილით დასაჯეს 400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 15 ქალი.
"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ სიკვდილით დასჯის მკვეთრი ზრდით", - აცხადებენ ექსპერტები.
ექსპერტები ამ საკითხის მოსაკვლევად გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ დანიშნა, თუმცა ისინი არ საუბრობენ გაეროს სახელით.
გაეროს ექსპერტებისა და ირანში ადამიანის უფლებების ვითარებაზე სპეციალური მომხსენებლის განცხადებით, აგვისტოში სიკვდილით დასჯილი ადამიანებიდან 41 ნასამართლევი იყო არაძალადობრივი დანაშაულის, კერძოდ ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო.
"ნარკოდანაშაულისთვის სიკვდილით დასჯა არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს", - აცხადებენ ისინი.
ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ხშირად სასამართლო პროცესები, რომლებზეც განიხილება სიკვდილით დასჯის საკითხი, ვერ აკმაყოფილებს ვერანაირ სტანდარტს და გადაწყვეტილებები ფაქტობრივად მტკიცებულებების გარეშე მიიღება.
ამ კონტექსტში ექსპერტები მიუთითებენ ქურთი მომიტინგის რეზა რასაის საქმეზე, რომელიც სიკვიდილით დასაჯეს 6 აგვისტოს, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის წევრის მკვლელობის ბრალდებით. როგორც გამოირკვა, რასაის ბრალდება ეფუძნებოდა მხოლოდ აღიარებით ჩვენებას, რომელიც სასტიკი წამების შედეგად იქნა მიღებული. სხვა მტკიცებულებას ამ საქმეზე უფლებადამცველებმა ვერ მიაკვლიეს.
"სამართლიანი სასამართლოსა და საპროცესო უფლებების სერიოზული დარღვევის შესახებ ცნობები ნიშნავს, რომ სიკვდილით დასჯა, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გამოიყენება, უკანონო აღსრულებას უტოლდება", - განაცხადეს მათ.
ექსპერტები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ შესაძლოა, ირანში უდანაშაულო ადამიანებს ხვრეტენ და სიკვდილით სჯიან.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Amnesty International-ის განცხადებით, ირანი მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება სიკვდილით დასჯის რაოდენობით.