"აფხაზეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გაეროში გაწევრიანებაა", - აცხადებს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა რუსულ გაზეთ "იზვესტიასთან" ინტერვიუში.
შამბას თქმით, ძალიან უჭირთ მსოფლიოს სახელმწიფოებთან კონტაქტის დამყარება, რადგან "შეერთებული შტატები და ევროკავშირი განაგრძობენ ზეწოლას ქვეყნებზე".
მისივე თქმით, იმედოვნებენ, რომ "რუსეთი მხარდაჭერას გაუწევს საერთაშორისო ასპარეზზე აღიარების საკითხში".
"...აფხაზეთის რესპუბლიკის საბოლოო მიზანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანებაა. ეს ჩვენი ქვეყნის ფართო საერთაშორისო აღიარების პროცესის საბოლოო მიზანია... ეს ყველაფერი ლოგიკურად ურთიერთკავშირშია. ცხადია, მშვენივრად გვესმის, რომ ეს ძალიან რთული პროცესია, და ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა, რომელსაც ვაწყდებით, არავის გაუუქმებია", - თქვა მან.
შამბას თქმით, სოხუმი ცდილობს კონტაქტების დაამყაროს ისეთ ქვეყნებთან, სადაც "დასავლეთის გავლენა არ წვდება".
"მიუხედავად ყველა სირთულისა და კოლექტიური დასავლეთის მხრიდან სერიოზული ზეწოლისა, ჩვენ ვაგრძელებთ შესაძლებლობების ძიებას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ახალი კავშირებისა და კონტაქტების დასამყარებლად და ვეძებთ ახალ პარტნიორებს. ამ საკითხებში ჩვენ იმედი გვაქვს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერისა", - თქვა შამბამ.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ "უახლოეს მომავალში გაიზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთს სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ".