დღეს პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" აფხაზეთის ორგანიზაციის წევრებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანეს და დევნილთა განსახლების პროცესის შეჩერება მოითხოვეს.
საჩივარს ხელს აწერს 18 დევნილი 14 ობიექტიდან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას "თავისუფალი საქართველოს" აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ მარინე კვარაცხელიამ განაცხადა, დევნილები 22 ობიექტიდან მათ შესაძლო განდევნას აპროტესტებენ.
"ჩვენი გასახლება 15 იანვრიდან ჰქონდათ დაგეგმილი, მოგვიანებით გვითხრეს, რომ შეწყდა გასახლების პროცესი. თუმცა ახლა ისევ საშიშროების წინაშე დავდექით,"_აღნიშნა კვარაცხელიამ.
მისი თქმით, სამინისტრო ვალდებულია, შეაჩეროს დევნილების გასახლება.
"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები მოითხოვენ, მათი საჩივარი სამინისტროში ზეპირი მოსმენით განიხილონ.
შეგახსენებთ, სამინისტრო დევნილებს საცხოვრებელ ფართებს აბაშის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხისა და კახეთის სოფლებში სთავაზობს.