დღეს ქართული ენა, საკონსტიტუციო სასამართლოში, მოწმედ გამოდის - განაცხადა ენათმეცნიერმა მარინა ბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე.
ენათმეცნიერი მარინა ბერიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, მოწვეული სპეციალისტის სახით წარსდგება და განმარტავს ტერმინ "უცხოს" მნიშვნელობას ქართულ ენაში.
ჟურნალისტებთან საუბრისას მარინა ბერიძემ კომენტარი გააკეთა პარლამენტის თანამშრომლის მიერ ტერმინ "უცხოს" განმარტებაზე.
"არა უშავს, ის არ არის პროფესიონალი და ვალდებული არ არის ახსნას ისე, როგორც ლინგვისტიკის პარამეტრებით და ცნებებით შეიძლება აღიწეროს, ეს დიდი ცოდვა არ არის, მაგრამ მე შევეცდები, რომ სასამართლოს ეს ვუთხრა, როგორც ეს არის ჩემი დისციპლინური კათედრიდან, არაფერი მეტი. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღეს, ქართული ენა მოწმედ გამოდის. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ენა არის სამყაროს მოდელი და ამ ენაში, როგორც სარკეში ისე აისახება ეროვნული შეხედულებები და ის, თუ როგორ არის კონცეპტუალიზებული ესა თუ ის ტერმინი, ცნება თვითონ ამ ენის მატარებელთა მიერ", - განაცხადა მარინა ბერიძემ.
შეგახსენებთ, "აგენტების კანონთან" დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელების განხილვისას, მოპასუხე მხარის, პარლამენტის წარმომადგენელმა ქრისტინა კუპრავამ განაცხადა, რომ კანონში ტერმინი "უცხო" უარყოფითი კონტექსტით არ არის გამოყენებული, ამის სამაგალითოდ კი მოიყვანა გამოთქმები "უცხო ვარცხნილობა", "უცხო სამკაული" და ა.შ.
დღეს, 31 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოში "აგენტების კანონზე" სარჩელებთან დაკავშირებით სხდომა განახლდება.
ფოტო: ტვ პირველი.