საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ბათუმში, "ჭაჭის კოშკის" დემონტაჟს ეხმიანება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
"ბათუმში ჭაჭის კოშკს ანგრევენ. ამ კოშკის იდეა ავიღეთ მე-19 საუკუნის საფოსტო მარკიდან, რომელზეც გამოსახული იყო ამგვარი ნაგებობა ბათუმში. ის მოგვიანებით კომუნისტებმა დაანგრიეს და ახლა იმ ხალხმა, ვინც გვექაჩება საბჭოთა წარსულში.
დარწმუნებული ვარ, ამ კოშკის აღება, არის მომზადება ანბანის კოშკის ასაღებად და ასევე ალი და ნინოს, რომელიც ხელოვნურად დააჟანგეს და მოშალეს მოსაშორებლად.
ასევე თბილისში იუსტიციის სახლის ხიდის დანგრევა არის მომზადება თავად იუსტიციის სახლის და ასევე მშვიდობის ხიდის დასანგრევად.
ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ყველანაირად მოშალოს ჩემი კვალი. მან უკვე მოშალა ჩემს მიერ შექმნილი ინსტიტუციების დიდი ნაწილი, დააბრუნა კორუფცია სრული მოცულობით და ახლა შენობებს მიდგა.
ყველაფერი დაიწყო პარლამენტის შენობის გავერანებით ქუთაისში და ახლა გადასწვდა ბათუმს და თბილისს.
ყველაფერი, რასაც ეხება დიქტატორი, ისპობა და ნადგურდება და ეს ნგრევის ციკლი გაგრძელდება თუ დროზე არ შევაჩერებთ!", - წერს სააკაშვილი.