"დარწმუნებული ვარ, რუსული კანონი საქართველოში აუცილებლად შეჩერდება და ეს მოხდება ან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, 26 ოქტომბრის შემდეგ ქართველი ხალხი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, როცა ერთიანობით გავიმარჯვებთ და საქართველო დაუბრუნდება აღმშენებლობის იმ ტემპს, რომელსაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩაუყარა საფუძველი", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს ეზოში გამართულ ბრიფინგზე.
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ “უცხოური გამჭვირვალობის შესახებ” სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ სულ ცოტა ხანში გამოჩნდება, არის თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო ხალხთან ერთად:
“საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის განმავლობაში ამ ყველაზე რთულ დღეს, სინამდვილეში, მოსამართლეებმა ძალიან მარტივი არჩევანი უნდა გააკეთონ: მათ უნდა აირჩიონ ექნება თუ არა ევროპული მომავალი ჩვენს ქვეყანას, თუ ექნება მომავალი ისეთი ქვეყნების ალიანსში, როგორებიცაა რუსეთი, ბელორუსი, ვენესუელა და სხვები.
დრო არ ითმენს, საჭიროა რუსული კანონის მოქმედება შეჩერდეს, ხოლო შეჩერებული პროექტები, მათ შორის ბათუმში, განახლდეს და საქართველო დაუბრუნდეს აღმშენებლობის იმ ტემპს, რომელსაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ჩაუყარა საფუძველი და რომელიც უამრავი წარმატებული ქვეყნისთვის სამაგალითო იყო.
სწორედ იმიტომ ვირჩევთ ევროპას, რომ ევროპაში ხელოვნური ბარიერებით არ ებრძვიან წარმატებულ პროექტებს, იმიტომ გვინდა ევროპაში, რომ იქ არ არიან პოლიტიკური პატიმრები, იქ ხელისუფლება ზრუნავს ხალხზე. დარწმუნებული ვარ, რუსული კანონი საქართველოში აუცილებლად შეჩერდება და ეს მოხდება ან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, 26 ოქტომბრის შემდეგ ქართველი ხალხი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, როცა ერთიანობით გავიმარჯვებთ და ამ რუსულ ხელისუფლებას შინ გავისტუმრებთ”, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.