საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის განცხადებით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრს 233-მა ორგანიზაციამ მიმართა. ამის შესახებ ტყეშელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.
საკონსტიტუციო სასამართლო აგრძელებს სარჩელების განხილვას, რომელთა ავტორებიც “აგენტების შესახებ” კანონის მოქმედების შეჩერებას და გაუქმებას ითხოვენ.
დღევანდელ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს უსმენს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შეკითხვაზე, თუ რამდენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი არსებობს საქართველოში, ტყეშელაშვილმა უპასუხა, რომ ასეთი ორგანიზაციების რაიოდენობა დაახლოებით 30 000-მდეა.
ტყეშელაშვილის განცხადებით, მიუხედავად ამ რაოდენობისა, გარკვეული ორგანიზაციები გამოსახშირია, რადგან "არსებობს სახელმწიფო ა(ა)იპ-ები, ფედერაციები და ა.შ".
კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრამდე ნებაყოფლობით უნდა დარეგისტრირდნენ "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში".
ორგანიზაცია, რომელიც კანონით გაწერილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და არ მიმართავს ნებაყოფლობით რეგისტრაციას, მას 25 000 ლარით დააჯარიმებენ. ამასთან, საჯარო რეესტრის სააგენტო ასეთ ორგანიზაციას თავად დაარეგისტრირებს რეესტრში.