ამ კანონის მოქმედება ახლა უნდა შეჩერდეს, რადგან 26 ოქტომბრამდე კანონი ისეთ მდგომარეობაში მოაქცევს სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, რომ ასეთ ჩატარებულ არჩევნებს მაღალი შეფასება არ ექნება, - ამის შესახებ განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელმა, ანა ნაცლვიშვილმა გააკეთა.
ქვეყნის მთავარ სასამართლოში მოსამართლეთა პლენუმის წინაშე ნაცვლიშვილმა აგენტების კანონის საფრთხეებზე ისაუბრა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანონი არჩევნებამდე არ გაუქმდება, ქვეყანაში მესამე სექტორი, ფაქტობრივად, აღარ იარსებებს.
„ახლა უნდა შეჩერდეს ამ კანონის მოქმედება, რადგან 26 ოქტომბრამდე ის ისეთ მდგომარეობაში მოაქცევს სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, რომ ასეთ ჩატარებულ არჩევნებს არ ექნება მაღალი შეფასება. საარჩევნო სამადკვირვებლო მისიაში მონაწილეობა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული, შრომატევადი, საპასუხისმგებლო საქმე, რომლის დროსაც ადამიანები, მათ შორის, უსაფრთხოების რისკებზე მიდიან. როდესაც ამას დაერქმევა უცხო ძალის მსახურება, მისია ვერ შედგება. ეს ძალიან გაურთულებს კონკრეტულ ადამიანებს ამ მისიაში ჩართულობას. ეს არ შეფასდება როგორც გარემო, როდესაც ორგანიზაციებს შეეძლოთ დამოუკიდებლად ფუნქციონირება, რაც არჩევნების პოზიტიურად შეფასებისთვის მძიმე ფაქტორი იქნება. ეს არჩევნები შემთხვევით არ არის ნახსენები 9 რეკომენდაციაში. პირდაპირ არის მიბმული არჩევნების ჩატარების გარემო რა ხარისხის იქნება შედეგებზე როგორ შეფასებას დაიმსახურებს საქართველო. თეორიულად რომ ვთქვათ, 27 ოქტომბერს რომ გამოიტანოთ არსებითი გადაწყვეტილება, შეუქცევადი ზიანი უკვე დამდგარი იქნება. გადადებული სამართალი არის წართმეული სამართალი", - ამბობს ნაცვლიშვილი.