"რუსეთი, ბელორუსი, ბოლივია, ეკვადორი, კუბა, ნამიბია, ვენესუელა, უგანდა, კამბოჯა, ჩინეთი, უნგრეთი - თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაჩერებს რუსული კანონის მოქმედებას, ასეთი ქვეყნების სიაში აღმოვჩნდებით, გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება უშუალოდ ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობებს" - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თამარ კორძაია
თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს 38 პარლამენტის წევრის სარჩელი წარუდგინა, რაზეც სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე უნდა იმსჯელონ. თამარ კორძაიას თქმით, საკითხი, რომელიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს, უმნიშვნელოვანესია:
"ისეთი მნიშვნელობის საკითხი, როგორსაც დღეს საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს, ჯერ არ განუხილავს თავისი არსებობის განმავლობაში. დღეს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვიტავს, მოვხვდებით თუ არა ისეთი სახელმწიფოების სიაში, როგორებიცაა რუსეთი, ბელორუსი, ბოლივია, ეკვადორი, კუბა, ნამიბია, ვენესუელა, უგანდა, კამბოჯა, ჩინეთი, უნგრეთი - თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაჩერებს ამ რუსული კანონის მოქმედებას, ჩვენ ასეთი ქვეყნების სიაში აღმოვჩნდებით. ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება უშუალოდ ევროკავირის ქვეყნების კანონმდებლობებს და მე მაქვს მოლოდინი, რომ მოსამართლეები არ გაიმეტებენ თავიანთ სამშობლოს, რათა ის გახდეს ერთერთი წარუმატებელი და იზოლირებული ქვეყანა", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს ეზოში.