ხვალ ვნახავთ, საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს ინტერესების დაცვით იმოქმედებს თუ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით წავა, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
კორძაიას თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც იქნება შუალედური და კანონის არ შეაჩერებს, იქნება რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაგრძელება.
"ხვალ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, რეალურად წავიდეს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით თუ იხელმძღვანელოს საქართველოს ინტერესების გზით. თუ სასამართლო სრულად არ შეაჩერებს "რუსული კანონის" მოქმედებას, ეს გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნება სამოქალაქო საზოგადოებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის. ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება შუალედური და არ იქნება კანონის სრულად შეჩერების მომტანი, იქნება რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაგრძელება.
ამიტომ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით დავუსაბუთოთ სასამართლოს ის რისკები, რაც მოჰყვება კანონის ამოქმედებას და ვეცდებით მივაღებინოთ ქვეყნისთვის საკეთილდღეო გადაწყვეტილება. რადგან კანონის სანქციების ნაწილი 1 სექტემბრიდან შედის ძალაში, გონივრული იქნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 1 სექტემბრამდე მიიღოს ეს გადაწყვეტილება", - აცხადებს თამარ კორძაია.
შეგახსენებთ, 29 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლო დაიწყებს „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით შეტანილი სარჩელების განხილვას.