"ალიანსი საქართველოსთვის" მზადაა თბილისის მერის არჩევნებში საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით დათმობაზე კიდევ წავიდეს.
როგორც ჟურნალისტებს ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, თუ ხელისუფლება მოლაპარაკებათა მაგიდას დაუბრუნდება და NDI-ის ფორმატში კონსულტაციები გაგრძელდება, შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.
"თუ სხვა საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით პროგრესის მიღწევა მოხერხდება, ჩვენ მზად ვართ ბარიერთან დაკავშირებით დათმობაზე ისევ წავიდეთ და 45 %-ის შემცირებაზე დავთანხმდეთ, თუმცა ეს 30 %, როგორც ამას ხელისუფლება ითხოვს, არ იქნება", - განაცხადა უსუფაშვილმა.
ალიანსის კიდევ ერთი ლიდერის, ზურაბ აბაშიძის განმარტებით კი, ალიანსი მზადაა დათმობაზე არა მხოლოდ საარჩევნო ბარიერთან, სხვა საკითხებთან მიმართებაშიც წავიდეს.
"მთავარია, დავბრუნდეთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან", - განუცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებს.