დარწმუნებული ვარ, ომი მალე თავისუფლების გამარჯვებით დასრულდება, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დუდამ აღნიშნა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღე, გარკვეულწილად, ასევე არის მთელი ცენტრალური ევროპის დამოუკიდებლობის დღე, რადგან უკრაინის დამოუკიდებლობის გარეშე ძნელი წარმოსადგენია დამოუკიდებელი და უსაფრთხო პოლონეთი, ლიეტუვა ან სხვა ქვეყნები რეგიონში.
მან აღნიშნა უკრაინელების გმირული ბრძოლა დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და პირობა დადო, რომ პოლონეთი მხარს დაუჭერს უკრაინას მის გამარჯვებულ დასასრულამდე.
„ჩვენ, პოლონელებმა, ვიცით, რომ დამოუკიდებლობა ერთხელ და სამუდამოდ არ არის მოცემული, ჩვენ განვიცადეთ ტრაგიკული მომენტები, ორჯერ დავკარგეთ სუვერენიტეტი და ორჯერ აღვადგინეთ იგი ზეადამიანური ძალისხმევით“, - განაცხადა დუდამ.
მისი აზრით, პოლონელების სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლის მაგალითი ნათლად ადასტურებს, რომ შეუპოვრობამ და თავისუფლების სწრაფვამ გამარჯვებამდე უნდა მიგვიყვანოს, თუნდაც მტერი გაცილებით ძლიერი ჩანდეს.
„არც მეპარებოდა და არც მეპარება ეჭვი, რომ თავიანთ ძალისხმევასა და ბრძოლაში გაერთიანებული მამაცი უკრაინელი ხალხი დაიცავს თავის დამოუკიდებლობას.
და მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკრაინა ებრძვის რუს აგრესორს, იბრძვის არა სიცოცხლისთვის, არამედ დამოუკიდებლობისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ ომი მალე დასრულდება თავისუფლების გამარჯვებით ტირანიის სამყაროს წინააღმდეგ.
შემდეგ, ომის სიბნელიდან, ნანგრევებსა და გადამწვარ ტერიტორიებზე, დაიწყება ახალი სამყაროს აშენება“, - თქვა ანჯეი დუდამ.