ვალენსიური კლუბის „ლევანტეს“ გადაწყვეტილებით, ესპანეთში უფრო მეტი ბავშვი გაემგზავრება, ვიდრე დაანონსებული იყო.
ამის შესახებ საქართველოს ნაკრების და „ლევანტეს“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი წერს.
„ძალიან მიხარია, რომ საქართველოში „ლევანტეს“ კემპი შედგა, რომელშიც 135 ახალგაზრდა ფეხბურთელი მონაწილეობდა. ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მონაწილეობისთვის. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანისთვის ეს ახალი გამოცდილება იყო, რომლის დროსაც უფრო ახლოს გაიცნეს თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნები და საჭიროებები.
„ლევანტეს“ გადაწყვეტილებით, 10-დან 15-მდე გაიზარდა იმ ფეხბურთელების რაოდენობა, რომლებსაც სრულად ან ნაწილობრივ დაუფინანსდება Player Experience-ში მონაწილეობის ხარჯები ესპანეთში. დეტალურ ინფორმაციას ID Talent-ის მონაწილეები ელექტრონულ ფოსტაზე პარასკევს, 23 აგვისტოს დღის ბოლომდე მიიღებენ. წინასწარ ვულოცავ ყველა შერჩეულს და ვუსურვებ, რომ საუკეთესოდ გამოიყენონ შემდეგი გამოცდილება „ლევანტეს“ პროგრამაში.
რაც შეეხება სხვა მონაწილეებს, ამ პროექტით არ იწყება და არ მთავრდება მათი კარიერა. პირიქით, ეს არის გამოცდილება, რომელიც გახდება მათი მომავალი წარმატების საფუძველი და მოტივაცია. საფეხბურთო კარიერა არის დაუსრულებელი პროცესი, რომ გახდე უკეთესი ადამიანი და ფეხბურთელი. ზუსტად ამას ვუსურვებ თითოეულ მონაწილეს და მომავალშიც შევეცდები, რომ მათ განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობა ჰქონდეთ!
მადლობა „ლევანტეს“ და პერსონალურად დანიელ პასტორს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრის თანამშრომლებს, კემპის უსაფრთხოებასა და ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე მზრუნველ პროფესიონალებს, გიორგი ჭელიძესა და მის სამწვრთნელო გუნდს, საფეხბურთო სკოლა სელეროს და OT Sport management-ს ორგანიზებისთვის. და ზოგადად, ყველა ადამიანს, ვისაც კემპის ორგანიზებაში წვლილი მიუძღვის. მალე შევხვდებით!“, – წერს გიორგი ქოჩორაშვილი.