დღეს, 13 იანვარს, გარემოს დაცვის სამინისტრო მოხუცთა და მიუსაფარ ბავშვთა სახლებს ერთ ტონა კაკალს გადასცემს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, უწყების ხელმძღვანელი გოგა ხაჩიძე თბილისის მიუსაფარ ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფრების დირექტორებსაც შეხვდება და მათ პრობლემებს გაეცნობა.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ - თბილისის ბავშვთა კრიზისული ცენტრის, ჩვილ ბავშვთა სახლის, მიუსაფარ ბავშვთა სახლის - "სათნოება", "მომავლის სახლის", "ბავშვთა სოფლის", ბავშვთა სახლი N1-ის, მოხუცებულთა სახლის, დიღმის, კოჯრის და წყნეთის ბავშვთა სახლების ხელმძღვანელები.
გარემოს დაცვის სამინისტრომ მოხუცთა და თბილისის ცხრა ბავშვთა სახლის ბინადართ სპეციალური საჩუქარი მოუმზადა. თავშესაფრებში მცხოვრებ რამდენიმე ასეულ მცირეწლოვანს სატყეო ფონდის ტყეებში რეინჯერების მიერ მოგროვებული ერთი ტონა კაკალი საჩუქრად გადაეცემა. გარემოს დაცვის სამინისტრო მიუსაფარ სახლებში საჩუქრის ტრანსპორტირებას თავად უზრუნველყოფს.