დღეს, 13 იანვარს, 2011 წლის სასწავლო ეროვნული ოლიმპიადის მეორე ტური ქართულსა და ქიმიაში ჩატარდება.
2011 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 9 იანვარს დაიწყო. ოლიმპიადის მეორე ტური საქართველოს 65 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 91 სკოლაში ტარდება და მასში მონაწილეობას 85 ათასამდე მოსწავლე იღებს.
11 იანვარს ოლიმპიადის მეორე ტური უკვე ჩატარდა უცხო ენასა და მათემატიკაში, 12 იანვარს კი ისტორიასა და ფიზიკაში. ხვალ, 14 იანვარს ის გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში, ხოლო 16 იანვარს ინფორმატიკაში გაიმართება.
2011 წელს, პირველად, ოლიმპიადის შესარჩევი, პირველი ტური უშუალოდ სკოლებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ ჩატარდა. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე და მესამე ტურს გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში თითოეულ საგანსა და ასაკობრივ ჯგუფში გამოვლენილი 1600-მდე საუკეთესო მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. სასკოლო ოლიმპიადის მესამე ტური მარტში გაიმართება.