სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებზე ღიად მოგვიწოდებდა მეორე ფრონტისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ყირიმის პლატფორმის“ მე-4 სამიტზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის აბსოლუტურად არ არის გასაკვირი ზურაბიშვილის და უკრაინელი მაღალჩინოსნების მეგობრობა.
„სალომე ზურაბიშვილიც არის სამწუხაროდ იქ, სადაც ხმოვანდებოდა მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ მინდა, გავიხსენო ჩემი და შალვა პაპუაშვილის შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან. ეს იყო ომის დაწყებიდან მეორე-მესამე დღეს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა დაიწყო ასეთი სიტყვებით - „ნახეთ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო“. საითკენაც მოგვიწოდებდა ზურაბიშვილი, ეს ძალიან ადვილი მისახვედრია. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილისა და კონკრეტული მაღალჩინოსნების მეგობრობა ჩემთვის აბსოლუტურად არ არის გასაკვირი, სალომე ზურაბიშვილი ღიად მოგვიწოდებდა ჩვენ შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ,“- განაცხადა პრემიერმა.