"ალიანსმა საქართველოსთვის", შესაძლოა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადაიფიქროს. როგორც ჟურნალისტებს ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით NDI-ის ფორმატში 9 თვის განმავლობაში მიღწეული იმ საკითხების დაკანონება მოხდება, რომელსაც ალასანია-გამყრელიძე-უსუფაშვილის გუნდი არ ეთანხმება.
"მხოლოდ საარჩევნო ბარიერზე შეუთანხმებლობა არ გახდება ის მიზეზი, რის გამოც არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ვიტყვით, თუმცა თუ ყველა იმ საკითხის დაკანონება მოხდება, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით, მაშინ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილების გადახედვას არ გამოვრიცხავთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ალიანსი საქართველოსთვის" თავდაპირველად თბილისის მერის არჩევნებისას ბარიერის 50 %-ით განსაზღვრას ითხოვდა, მაშინ როცა ხელისუფლება და დანარჩენი ოპოზიციური პარტიები 30 %-იან ბარიერზე შეთანხმდნენ. ალიანსი მცირეოდენ დათმობაზე წავიდა და ამჟამად აღნიშნულის 45 %-ით განსაზღვრას მოითხოვს, თუმცა როგორც მმართველი გუნდისთვის, ისე კოლეგა ოპოზიციონერებისთვის ეს წინადადებაც მიუღებელია.