ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტად მყოფმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის ამჟამინდელი დიპლომატიური ძალისხმევა ალბათ საუკეთესო და შესაძლოა უკანასკნელი შანსი იყოს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად.
ბლინკენმა მოუწოდა ყველა მხარეს, მიაღიონ შეთანხმებას, რათა მშვიდობამ დაისადგუროს ომისაგან განადგურებულ რეგიონში.
მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც მრავალი თვეა ფაქტობრივად უშედეგოდ მიმდინარეობს, ამ კვირაში გაგრძელდება ეგვიტპის დედაქალაქ კაიროში, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ორდღიანი შეხვედრების რაუნდი გაიმართა კატარის დედაქალაქ დოჰაში.
ბლინკენი ცდილობს გააძლიეროს ვაშინგტონის დიპლომატიური ზეწოლა, რათა უზრუნველყოს მხარეებს შორის განსხვევებული პოზიციების შემცირება მას შემდეგ, რაც გასულ კვირას აშშ-მა წარადგინა შეთანხმების წინადადებები. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ამ წინადადებებმა ომში ჩართული ორივე მხარე უნდა მიიყვანოს შეთანხმებამდე.
"ეს არის გადამწყვეტი მომენტი, ალბათ საუკეთესო, შესაძლოა, უკანასკნელი შესაძლებლობა მძევლების სახლში დასაბრუნებლად, ცეცხლის შეწყვეტის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. მე აქ ვარ პრეზიდენტ ბაიდენის დავალებით, როგორც ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილი, რათა მივაღწიოთ საბოლოო შეთანხმებას. დიახ, დროა, ყველამ მიაღწიოს შეთანხმებას და არ ეძებოს რაიმე საბაბი მის უარსაყოფად", – განაცხადა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები მკაცრად ეწინააღმდეგება შემდგომ ესკალაციას.
"უნდა დავრწმუნდეთ, რომ არავინ გადადგამს ნაბიჯებს, რამაც შესაძლოა ძირი გამოუთხაროს შეთანხმების მიღწევის პროცესს. ამიტომაც ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ არ იყოს ესკალაცია და პროვოკაციები", - თქვა მან.
ენტონი ბლინკენის ისრაელში ჩასვლიდან რამდენიმე საათში, "ჰამასმა" განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს აკისრებს ყოველგვარ პასუხისმგებლობას შუამავლების ძალისხმევის ჩაშლასა და შეთანხმების გაჭიანურებაში.
რეგიონში ფართო ესკალაციის საფრთხის ფონზე, შუამავლებმა გააქტიურეს ძალისხმევა შეთანხმების მისაღწევად. ფართო ესკლაციის შიშები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ირანი ისრაელს შურისძიებით დაემუქრა 31 ივლისს თეირანში "ჰამასის" ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო.
შეთანხმების მიღწევას შუამავლობენ კატარი, შეერთებული შტატები და ეგვიპტე.
ომი ღაზის სექტორში მას შემდეგ გაჩაღდა, რაც ისრაელში შეიჭრნენ "ჰამასის" მებრძოლები, მოკლეს დაახლოებით 1200 ადამიანი, ხოლო მძევლად აიყვანეს 250.
საპასუხოდ, ისრაელი შეიჭრა ღაზის სექტორში. პალესტინის ჯანდაცვის ორგანოების განცხადებით, ისრაელის სამხედრო კამპანიას ღაზაში 40000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები.