გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლისთვის ტექსტებს "ქართული ოცნება" წერს - ამის შესახებ სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევის ხელმძღვანელმა, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინაში საქართველოს ყოფილმა სრულუფლებიანმა ელჩმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის მიერ
2008 წლის ომზე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადების დამოწმებასთან დაკავშირებით თქვა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის მიყენებულმა ზიანმა, შესაძლოა, გრძელვადიანი ეფექტი იქონიოს.
„ელჩებს აკისრიათ განსაკუთრებული ვალდებულებები და პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის ბედზე. ამიტომ, ახლა ჩვენ ისეთ ვითარებაში ვიმყოფებით და ეს კიდევ უფრო გამძაფრდება, რომ ამ დუმილით საკუთარ დილემას ვერცერთი ელჩი ვერ გადაწყვიტავს. გამოვიდა, რომ "ოცნება" დღეს წერს განცხადებებს რუსეთის წარმომადგენლისთვის გაეროში. იმან თავიც კი არ შეიწუხა, რომ რაიმე გადაეკეთებინა, უბრალოდ ციტირება მოახდინა და ამას ექნება, სამწუხაროდ, გრძელვადიანი ეფექტი", - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
შეგახსენებთ, გაერო-ში რუსეთის მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ 2009 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რუსეთის მხარის არგუმენტად მოიყვანა ციტატა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს 13 აგვისტოს განცხადებიდან: „ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო... ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.“