ვინ რა ციტატას წაიკითხავს და გამოიყენებს, ამაზე ჩვენ ვერაფერს ვიტყვით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს დაუსვეს შეკითხვა” „გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილემ წაიკითხა ციტატა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებიდან, რატომ მოეწონა მას ეს განცხადება?“.
პაპუაშვილის თქმით, რუსეთის წარმომადგენლებს შეუძლიათ „ქართული ოცნების“ სხვა ციტატებიც ამოიკითხონ.
„ვინ რა ციტატას წაიკითხავს და გამოიყენებს, ამაზე ჩვენ ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ კარგია, თუ უყურებენ ჩვენი განცხადებების ციტატებს, სადაც ისინი ასევე ამოიკითხავენ, რომ მთავარი მიზანი, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“, არის საქართველოს დეოკუპაცია. ამიტომ ეს ციტატებიც შეუძლიათ, წაიკითხონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
გაერო-ში რუსეთის მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ 2009 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რუსეთის მხარის არგუმენტად მოიყვანა ციტატა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს 13 აგვისტოს განცხადებიდან: „ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო... ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.“