არ შეიძლება, დენის და გაზის გარეშე რჩებოდეს ოჯახი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ, - საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ზუგდიდში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„სოციალურად დაუცველ ოჯახს, სადაც 4 არასრულწლოვანი ცხოვრობდა, დენი ჩაუჭრეს. სახლში დარჩენილმა ბავშვებმა სანთელი აანთეს, რამაც სავარაუდოდ ხანძარი გამოიწვია. ხანძრის შედეგად 2 მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა…
ბავშვი სიღარიბის გამო ოჯახიდან არ უნდა გაიყვანონ, ოჯახში უნდა იზრდებოდეს, სადაც სახელმწიფომ უნდა შეუქმნას არსებობის ელემენტარული პირობები. არ შეიძლება დენის და გაზის გარეშე რჩებოდეს ოჯახი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა ამაზე არ ზრუნავს, არ აინტერესებს, ვერ ხედავს ამ ბავშვებს… მხოლოდ ჭირისუფლად ჩამოდგომა იციან არჩევნებზე ხმების დაკარგვის შიშით…
არ ვიცი ამ საშინელი, შემზარავი ამბის გარდა საერთოდ რაზე უნდა იფიქრო ან ილაპარაკო დღეს. ეს გაზულუქებული, კორუმპირებული, რუსეთის მოყვარული ხელისუფლების წარმომადგენლები კი მთელი დღეა მხოლოდ ევროპას და ამერიკას გაჰყვირიან…" - წერს ლომჯარია.
ზუგდიდში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მცირეწლოვანი ტყუპების სიცოცხლე ემსხვერპლა. ექვსი წლის ბავშვები სახლში და-ძმასთან ერთად იმყოფებოდნენ. ცეცხლი სახლში იმ დროს გაჩნდა, როცა მოზარდებს ეძინათ. ორმა მათგანმა გაქცევა მოახერხა, ორმა კი ვერ მოასწრო.
ადგილობრივების განცხადებით, ბავშვები დედასთან ცხოვრობდნენ, თუმცა უბედური შემთხვევის დროს დედა სახლში არ იმყოფებოდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია.