ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებით, მან და კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა მოითხოვეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, რაზედაც მან უარი თქვა. ამის შესახებ სენატორმა შაჰინმა თბილისში გამართულ პრესკონფენრეციაზე განაცხადა.
"მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა, მაგრამ მან უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე. ყველაფრის საფუძველზე, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ, ის არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში და კვლავ იმედგაცრუებას იწვევს, რომ უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე.
როდესაც აქ ვიმყოფებოდი, დაახლოებით 18 თვის წინ, მას შემდეგ შემოიტანა საქართველოს მთავრობამ რუსული კანონი - გამოვხატე ჩემი წუხილი ამ კანონთან დაკავშირებით და ისიც აღვნიშნე, რომ მისი მიღების ფაქტი გამოიწვევდა ანგარიშვალდებულებას, რომ ამას ექნებოდა გავლენა ჩვენს ურთიერთობებზე.
სამწუხაროდ, მინდა გითხრათ, რომ მიჭირს გაგება - იმ ქვეყანაში, სადაც თქვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, სადაც ჩავდიოდით, ყველგან გამოხატავდნენ შეშფოთებას რუსეთის განზრახვასთან დაკავშირებით თქვენი ქვეყნის მიმართ, ამ დროს მთავრობა იღებს კანონს, რომელიც ასახავს რუსეთის ინტერესებს და ეწინააღმდეგება მოქალაქეების ნებას - არ მესმის ეს, რადგან რასაც ჩვენ ვისმენთ საქართველოს მოქალაქეებთან საუბრისას, ისინი ეწინააღმდეგებიან ამას. როგორც გითხარით, ჩვენ განვმარტეთ ჩვენი წუხილი; ვთქვით, რომ ამას ურთიერთობებზე გავლენა ექნებოდა და ზუსტად ეს ხდება ახლა", - განაცხადა სენატორმა.