კანონთან დაკავშირებით საუბარი საერთოდარ ყოფილა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა შეხვედრაზე საუბარი „აგენტების“ კანონზე, წილოსანმა აღნიშნა, რომ საუბარი არ ყოფილა.
„კანონთან დაკავშირებით არ ყოფილა საერთოდ საუბარი არც ერთ ფორმატში, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არ არის ეს ცნობილი. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ რა იყო ჩვენი საუბრის ძირითადი თემა, ეს იყო საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვა და ჩვენი პარტნიორული თანამშრომლობის უკეთესობისკენ წარმართვა“, – განაცხადა დეპუტატმა.
ნინო წილოსანმა ასევე დაადასტურა, რომ ამერიკელ სტუმრებთან საუბარი შეეხებოდა 26 ოქტომბრის არჩევნების საკითხსაც.
„არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ დავაფიქსირეთ კიდევ ერთხელ, რომ ყველანაირი კვლევებით და გამოკითხვებით ქართველი ხალხი მნიშვნელოვნად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის იმედი გვაქვს. თავისთავად, „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს, რომ სადამკვირვებლო მისიები იქნება თუ ყველა ის დემოკრატიული საარჩევნო პროცესისთვის აუცილებელი კომპონენტი, იყოს ამ არჩევნებზე. არჩევნები უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა ძალიან გამჭვირვალედ დაფიქსირდეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა, საკუთარი არჩევანი და არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და კონკურენტულ გარემოში“, – განაცხადა წილოსანმა.