თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გულდასაწყვეტია, რომ იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით გაკეთდა, დენდროლოგიურ პარკში ბაობაბის ხეები გახმა.
ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ დენდროლოგიური პარკი არის ის ადგილი, რომელსაც ასობით ათასი ადამიანი სტუმრობს ყოველწლიურად. ეს არის ულამაზესი სივრცე, საქველმოქმედო პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ხელმძღვანელობით განხორციელდა. ძალიან ლამაზი სივრცეა თავისი ხე-მცენარეებით და გულდასაწყვეტია, რომ ის ხეები, რომელიც განკუთვნილი იყო ამ პარკისთვის, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც გუშინ იქნა გაცხადებული, სამწუხაროდ გახმა. იმ გარემოებებმა, რაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით იქნა გაკეთებული - საჩივრები და ასე შემდეგ, გამოიწვია ძალიან დიდი პრობლემები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ზოგადად, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.
„ზოგადად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს გამოიხატება სხვადასხვა მიმართულებით, იგივე თუნდაც ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეჩერება, ამის მოთხოვნა, კანდიდატის სტატუსის არმიცემა ქვეყნისთვის, ასოცირების ხელშეკრულების არმოწერა - ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რადიკალები, რომლებიც მტრობენ ჩვენს ქვეყანას, ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ქვეყანაში მშვიდობას, სიმშვიდეს. მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ პასუხი გავცეთ ქვეყნის მოღალატეებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.