ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს სადაც უნდა, რამდენი ქონებაც უნდა, იმდენი ექნება.
მისი თქმით, ქართველი ივანიშვილი გამორჩეული მოღვაწეა, რომელზეც ისტორია დაიწერება.
„როდესაც ბიძინა ივანიშვილზე ვსაუბრობთ, ბიძინა ივანიშვილი არის ქართველი, რომელიც მოღვაწეობს საქართველოში და რომლის პატრიოტიზმსა და ქვეყანასთან დამოკიდებულებასაც ისტორია დაწერს და უკვე დაწერა. თქვენ თუ დასდევთ მის ქონებებს, სდიეთ და ამოიღეთ რამდენიც გინდათ, სადაც უნდა, რამდენი ქონებაც უნდა, იმდენი ექნება. ძალიან ბევრ ქართველ პატრიოტს შეიძლება, ჰქონდეს ნებისმიერ ადგილზე რეზიდენცია, მიწის ნაკვეთი. რომელია საერთაშორისო გამჭვირვალობა, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც გამჭვირვალობის კანონს აკრიტიკებს? ჯერ თავის გამჭვირვალობას მიხედოს და მერე გვესაუბროს", - ამბობს ირაკლი კირცხალია“.
კირცხალიამ კომენტარი გააკეთა „აი, ფაქტის", OCCRP, iStories (რუსეთი), GMC, „სტუდია მონიტორისა“ და საერთაშორისო გამჭვირვალობის ჟურნალისტურ გამოძიებაზე. გამოძიების თანახმად, აღმოჩენილი ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულება მინიმუმ 14.7 მლნ დოლარია, დიდი ალბათობით კი, გაცილებით მეტი. ამასთან, ივანიშვილების ოჯახი ერთ-ერთ რეზიდენციას თვეში დაახლოებით 9,000 დოლარად (დაახლოებით 800,000 რუბლი) აქირავებს და ამ გზით შემოსავალს იღებს; ხოლო თანხების განკარგვისთვის გამოყენებულია აშშ-ის მიერ სანქცირებული 2 რუსული ბანკი, ვითიბი ბანკი და სბერბანკი.