დღეს პარლამენტის წინ დევნილების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციას ეკა ბესელია, თეო ტლაშაძე, ნოდარ ნათაძე და სხვა პოლიტიკოსები შეუერთდნენ. დევნილებს თანადგომა "ქართული პარტიის", "ხალხის პარტიისა" და "კონსერვატიული პარტიის" წევრებთან ერთად ომის ვეტერანებმაც გამოუცხადეს.
როგორც დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარემ მანუჩარ სიგუამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, დევნილებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ.
კერძოდ, შეწყდეს დევნილთა განსახლების პროცესი; ხელისუფლებამ დააბინაოს კარვებში შეფარებული უკვე განსახლებული დევნილები; დევნილი ნანა ფიფიას თვითმკვლელობამდე მიყვანის გამო ჩინოვნიკები პასუხისგებაში მიეცნენ.
ამასთან, სიგუას თქმით, დევნილები მოითხოვენ, რომ ცხინვალის რეგიონიდან იძულებით განდევნილ პირებს დევნილის სტატუსი ორი წლის თავზე მაინც მიეცეთ და ნაქირავებში მცხოვრები დევნილები ბინებით უზრუნველყონ.
დევნილები მიიჩნევენ, რომ ისინი უკვე თბილისში ინტეგრირებულნი არიან. ამდენად, დედაქალაქის ხელისუფლება ვალდებულია, ისინი თბილისში ბინებით უზრუნველყოს. რეგიონებში მიწის გარეშე ცხოვრება კი მათ გაუჭირდებათ.
როგორც ერთ-ერთმა დევნილმა ირინა ფირცხალავამ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, აქამდე მათ სჯეროდათ გიგი უგულავას დაპირების, რომ თბილისში მიწერილ ყველა დევნილს იგი თბილისელად მიიჩნევდა, თუმცა ქალაქის მერი მათ უკვე განსახლებას უპირებს.
დევნილები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ მათთვის საკომპენსაციოდ შეთავაზებული 10 ათასი დოლარი ბინის შეძენისთვის საკმარისი არაა, თუმცა ხელისუფლება მათ ამ თანხასაც უგვიანებს.
დღევანდელი გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ მორიგი საპროტესტო აქცია 15 იანვარს გაიმართება.