კურსკის რეგიონში სამდღიანი ბრძოლების დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასობით ადამიანი დაატყვევეს. ამის შესახებ The Washington Post-ს განუცხადა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
მისი თქმით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის რეგიონში დაახლოებით 100 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავეს.
მრჩეველი ასევე აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს სუჯას გაზსაზომი სადგური, რომლითაც გაზი უკრაინის გავლით ევროპაში მიდის.
ის ფაქტი, რომ ეს სადგური უკრაინელი სამხედროების კონტროლის ქვეშაა, 7 აგვისტოს დაწერა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა ტელეგრამარხმა „რიბარმაც“.
The Washington Post-ის მიხედვით, რუსი ოფიციალური პირებისა და სამხედრო ბლოგერების განცხადებებზე დაყრდნობით, კურსკის რეგიონში შეტევაში მონაწილეობს დაახლოებით ათასი უკრაინელი ჯარისკაცი "ელიტური მოერიშე ბრიგადებიდან ამერიკული და გერმანული ჯავშანტექნიკისა და ტანკების გამოყენებით".
გამოცემა წერს, რომ უკრაინის შეტევა აღმოჩნდა "უფრო წარმატებული, ვიდრე კიევში ბევრი ოფიციალური პირი ელოდა".
ახლა კიევი სთხოვს ვაშინგტონს, დაუშვას უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტების გამოყენება აეროდრომებზე თავდასხმისთვის, რომლებსაც რუსული ავიაცია იყენებს დარტყმების განსახორციელებლად.
როგორც კიევში მიიჩნევენ, ეს მათ საშუალებას მისცემს შეინარჩუნონ კონტროლი კურსკის რეგიონის ნაწილზე.
„ეს მოგცემს რუსეთთან მოლაპარაკებისთვის აუცილებელ ბერკეტს - აი, ამასია საქმე“, - ამბობს ზელენსკის მრჩეველი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში და კრემლში ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროების შესახებ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.
უკრაინის ძალები კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შევიდნენ და სასაზღვრო ზონაში პოზიციები გაიმაგრეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა შეაჩერეს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა რუსეთის სიღრმეში კურსკის მიმართულებით.
თუმცა, რუსული სამხედრო ტელეგრამარხები ადასტურებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ წინსვლას რეგიონის სიღრმეში და უკვე ოკუპირებულია ქალაქ სუჯას გარეუბნები.