აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს 10 სექტემბერს სატელევიზიო დებატებში შეხვდებიან. ამის შესახებ ხუთშაბათს, 8 აგვისტოს, ტელეკომპანია ABC-მ განაცხადა, რომელიც დებატებს მასპინძლობს.
"ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა და ყოფილმა პრეზიდენტმა ტრამპმა დაადასტურეს დებატებში მონაწილეობა", - იტყობინება ტელეარხი სოციალურ ქსელ X-ზე.
დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებს ტრამპთან დებატებში.
მანამდე, ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს კამალა ჰარისთან დებატები სამჯერ გამართოს - 4, 10 და 25 სექტემბერს. ტრამპის თქმით, ეს თარიღები უკვე შეთანხმებულია ტელეკომპანიებთან - ABC, Fox News და NBC. კამალა ჰარისის გუნდს 4 და 25 სექტემბერთან დაკავშირებით მონაწილეობა არ დაუდასტურებია.
დებატების გამართვის საკითხი ფართო განხილვის საგანი გახდა. ვიდრე ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშებოდა, მასსა და ტრამპს შორის მეორე დებატები 10 სექტემბერს ტელეარხ ABC-ის ეთერში იყო დაგეგმილი. მას შემდეგ, რაც ბაიდენი რბოლას გამოეთიშა, ტრამპმა მოისურვა, რომ დებატები მასსა და კამალა ჰარისს შორის, 4 სექტმბერს, ტელეარხ Fox News-ის გამართულიყო, რაზეც კამალა ჰარისმა უარი განაცხადა.