აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპისა და ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისის დებატები 4 სექტემბერს FoxNews-ის ეთერში გაიმართება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპი წერს.
„დავთანხმდი „ფოქს ნიუსს“, მქონდეს დებატები კამალა ჰარისთან 4 სექტემბერს. მანამდე, დებატები ჩანიშნული იყო მძინარე ჯო ბაიდენის წინააღმდეგ ABC-ზე, თუმცა ეს გაუქმდა, რადგან ბაიდენი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ასევე ვაწარმოებ სასამართლო პროცესს ABC Network-ისა და ჯორჯ სტეფანოპულოსის წინააღმდეგ, რითაც ვქმნი ინტერესთა კონფლიქტს“, – წერს ტრამპი.
მისი განცხადებით, დებატების წესები არ შეიცვლება და იქნება მსგავსი, როგორც ჯო ბაიდენთან იყო, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ახლა აუდიტორია დაესწრება.
„დებატების წესები იქნება მსგავსი, რაც იყო მძინარე ჯოსთან, რომელსაც საკუთარი პარტია ცუდად მოექცა. თუმცა, აუდიტორიის დასწრებით“, – აღნიშნავს ტრამპი.
მისი თქმით, დებატები პენსილვანიაში გაიმართება, ხოლო ზუსტი ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი. დებატების მოდერატორები ბრეტ ბაიერი და მართა მაკკალუმი იქნებიან.