შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის გუნდმა განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ, დათანხმდნენ დონალდ ტრამპის წინადადებას საპრეზიდენტო დებატების Fox News-ზე გამართვის შესახებ.
დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის კამპანიის კომუნიკაციების დირექტორის, მაიკლ ტაილერის განცხადებით, კამალა ჰარისი თანახმაა, მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო დებატებში 10 სექტემბერს, ტელეარხ ABC-ზე, როგორც ეს ადრე იყო შეთანხმებული, ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე ბაიდენი გამოეთიშებოდა საპრეზიდენტო კამპანიას.
მან [ტრამპმა] უნდა შეწყვიტოს თამაში და გამოცხადდეს დებატებზე, რომლის გამართვაც უკვე შეთანხმებულია 10 სექტემბერს", - თქვა ტაილერმა.
მისივე თქმით, ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი მაინც გამოცხადდება ABC News-ზე, რათა ისარგებლოს ეროვნულ აუდიტორიასთან კომუნიკაციის პრაიმ-ტაიმში შესაძლებლობით.
ტრამპის წინადადებას თავად კამალა ჰარისიც გამოეხმაურა სოციალურ ქსელში.
"საინტერესოა, რომ "ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას" გახდა "ერთ კონკრეტულ დროს, ერთ კონკრეტულ უსაფრთხო ადგილას". 10 სექტემბერს იქ ვიქნები, როგორც ის დათანხმდა. იმედი მაქვს, იქ ვნახავ". - დაწერა ჰარისმა X-ზე.
პარასკევს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დათანხმდა Fox News-ის შეთავაზებას, 4 სექტემბერს მათ ეთერში გაიმართოს დებატები საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის.