“ძლიერი საქართველოს'' ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე “ქართული ოცნების“ დღევანდელ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას ეს ყველაფერი არჩევნების მოსაგებად და თავის გადასარჩენად სჭირდება.
როგორც დოლიძემ ტვ პირველის ეთერში თქვა, ომის დანაშაულების გამოძიება ჰააგის სასამართლოში უკვე მიმდინარეობს და ნებისმიერ სიახლეს კომპეტენტური პირები თავად შეატყობინებენ.
„ჰააგაში, საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარეობს ომის დანაშაულების გამოძიება, რა ველოსიპედს იგონებს “ოცნება“. 12 წელია, ხელისუფლებაში არიან, არაფერი გაუკეთებიათ. ჰააგაში მიმდინარე პროცესზე პასუხისგებაში მისცეს 3 ადამიანი, რუსეთის წარმომადგენლები, რომლებიც დაადანაშაულეს ომის დანაშაულებში, ეს პროცესი მიმდინარეობს და რამე რომ იყოს, ამას ჩვენ კომპეტენტური და ობიექტური ხალხიდან, ჰააგიდან გავიგებთ.
“ოცნების“ დღევანდელი ოპერაციის დასახლება არის, ყველაფრის ფასად მოვიგოთ არჩევნები, ისევ ზიზღი, შურისძიება და დაბრალება, ოღონდ ესენი რაღაცნაირად გადარჩნენ“, - განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცხადება: „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველო ამ სამხედრო კონფლიქტში ჩაეთრია და ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში კიდევ ერთხელ გაეხვია. ამ გარემოებამ კიდევ ერთხელ გაამყარა რწმენა, რომ ამ ადამიანებმა 2008 წელსაც გააზრებულად მოაწყვეს უმძიმესი პროვოკაცია და გარედან მიღებული ანტისახელმწიფოებრივი დავალება სრულიად გააზრებულად შეასრულეს… ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება".